ლევან გოთუას ფონდი

ლევან გოთუას მეუღლემ ციცო ალხაზიშვილმა 2010 წელს საქართველოს ეროვნულ არქივს მოღვაწის პირადი ფონდი გადასცა.პირადი ფონდი 583 საქმეს მოიცავს, რომლებიც 1867-1980 წლებს განეკუთვნება. მწერლის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტებიდან მნიშვნელოვანია მისი ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“. არქივში დაცულია რომანის ოთხივე წიგნის ხელნაწერი.ფონდში ასევეა ლადო გუდიაშვილის, მღვდელმთავარ ლეონიდეს, ვახტანგ ტაბლიაშვილის, რევაზ ჯაფარიძის, იპოლიტე ვართაგავას და სხვათა წერილებს ლევან გოთუასადმი.
როგორც ვიცით ლევან გოთუას ძალიან უყვარდა მოგზაურობა ,სწორედ  მისი დამსახურებაა თრეხვის ქვაბებში XI საუკუნის წარწერიანი ქვის ფილის აღმოჩენა, რომლის შედეგადაც დადგინდა ისტორიკოს ლეონტი მროველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თარიღი. „მგზავრული კრიალოსანი“ მრავალი ასეთი მოგზაურობის შთაბეჭდილებათა საინტერესო დღიურს წარმოადგენს.ლევან გოთუა იყო საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი; ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით მყინვარწვერზე ქართველ მწერალთა მიერ მოწყობილი ლაშქრობის ხელმძღვანელი; ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის საძირკვლის ჩამყრელი; მოთავე საინგილოში ისტორიული ძეგლების შესწავლისა და აღნუსხვისათვის ექსპედიციების გაგზავნისა.
პირად ფონდში დაცული ფოტოსურათებიდან გამორჩეულია წოვა- თუშთა ლაშქრის ფოტო, დათარიღებული 1867 წლით, ასევე საინტერესოა მწვერვალ „ვაჟა-ფშაველაზე“ მოწყობილი ლაშქრობისას გადაღებული ფოტოები.
ძალიან საინტერესოა   მწერლის კინოსცენარები: „უშბის საიდუმლო“, „სვეტიცხოველი“, „გარეჯის ქვაბთა სამყაროში“, „მრისხანე მზე“; ნარკვევები: „ფიროსმანაშვილი“, „ძახილი რკონის გამოქვაბულიდან“, „ვაჟას სამყაროში“; ნოველები: „კრწანისის სევდა“, „უფოთლო ხის ჩრდილი“, „კრწანისის სევდა“; ესკიზები: „ურმული“, „შემოდგომის პეშვი თაფლისა“, „ქარი უმთვარო“ და სხვა; სტატიები: „მთასვლელური თოკი და გზა მეგობრობისა”, „მართალი ლეგენდა“, „მწვერვალების ვაჟკაცი“; სიტყვა, წარმოთქმული ალექსანდრე ბარამიძის, ნიკო ნიკოლაძის, შალვა ღამბაშიძის საიუბილეო ღონისძიებებზე; რეცენზიები სხვადასხვა ავტორის წიგნებსა და ნაშრომებზე, მწერლის ლექსები, ჩანაწერები გაკეთებული თუშეთში, თიანეთში, კახეთში, ბორჯომსა და საქართველოს სხვა რაიონებში მოგზაურობის დროს.

No comments:

Post a Comment