თამარ გოთუა: “ლევანი სიკეთით აღსავსე ადამიანი იყო”

   თამარ გოთუა ჩვენი საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა. ბრწყინვალე ოჯახის წარმომადგენელმა, პროფესიით ქირურგმა, მან არაჩვეულებრივი, სიძნელეებით აღსავსე ცხოვრება გამოიარა. იგი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოვებულმა ქალბატონმა იმ დღეთა შთაბეჭდილებები აღწერა მოგონებათა წიგნში “სიკვდილთან ჭიდილში”. ხუთიოდე წლის წინათ კი გამოიცა წიგნი “თავგადასავალი ლევან გოთუასი”. ბუნებრივია, რომ მან მაშინვე მიიპყრო მკითხველთა ყურადღება. ჩვენი საუბარიც ქალბატონ თამართან სწორედ აქედან დავიწყეთ.
- წლეულს იანვარში შესრულდა 28 წელი, რაც თქვენი ძმა – ბატონი ლევანი ჩვენთან აღარ არის. ამ წლების გადასახედიდან კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდა მისი, როგორც პიროვნებისა და მოღვაწის მნიშვნელობა, თქვენ ძალზე კარგად, ჭეშმარიტად მწერლური ოსტატობით გაქვთ აღწერილი მისი დრამატული ცხოვრება…
- ეს წიგნი ჩემს მეორე ძმასთან, სანდროსთან ერთად დავწერე (სამწუხაროდ, დღეს აღარც იგია ცოცხალი). წიგნს საფუძვლად დაედო თვითონ ლევანის წერილები და ის ჩანაწერები, რომლებსაც ჩვენი ოჯახის წევრები ვაკეთებდით – განსაკუთრებით ჩემი უფროსი და თინა. ლევანი ხომ სამჯერ იყო გადასახლებული და ცხოვრების 66 წლიდან 22 წელი სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა.
  ამ გადასახლებებიდან ჩვენ ძალიან ბევრი, – ორასამდე წერილი მოგვივიდა. წიგნის წერის დროს ისინი გამოვიყენეთ და შევძელით დიდი ტილოს შექმნა.
ლევანის ცხოვრება ძალიან მძიმე, დუხჭირი იყო, მაგრამ ამავე დროს, საინტერესოც, რადგან თანდათანობით იგი ჩამოყალიბდა როგორც მწერალი. მას პროზის წერა ერთბაშად არ დაუწყია. ახალგაზრდობაში ლექსებს წერდა, მაგრამ იმდროინდელი ლექსებიდან ფაქტიურად არაფერი შემორჩა, ზოგი თვითონ გაანადგურა, რადგან აღარ მოეწონა, ზოგიც მრავალრიცხოვანი ჩხრეკვების დროს წაიღეს. ლექსებს გადასახლებაშიც წერდა, მაგრამ აღარ გამოუქვეყნებია.
  - თუ არ ვცდები, როგორც მწერალი, იგი საკმაოდ გვიან გახდა ცნობილი.
  - დიახ ასეა. მეორედ იგი ნარიმის ოლქში იყო გადასახლებული. ამ გადასახლებიდან 1936 წელს ჩამოვიდა. თბილისში ცხოვრების უფლება არ მისცეს. მას თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სამი კურსი ჰქონდა დამთავრებული და ცეკავშირის სისტემაში მოეწყო ეკონომისტად. იგი სამუშაოდ წალკაში გააგზავნეს. სწორედ იქ დაწერა თავისი პირველი პიესა “ჩაძირული სოფელი”. სიუჟეტი ამ პიესისა წალკის მიდამოებში წამოწყებული დიდი წყალსაცავის მშენებლობამ უკარნახა. ამ წყალსაცავში უნდა ჩაიძიროს ერთი სოფელი, რომლის შუაგულშიც ეკლესია მდებარეობს. სოფლის მომავალი ჩაძირვა მის მაცხოვრებლებში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, ბოლოს ისინი რწმუნდებიან ამის აუცილებლობაში და თანახმანი ხდებიან, რომ მიატოვონ საცხოვრებელი სახლები და სხვაგან გადასახლდნენ, მაგრამ სოფლის უხუცესი მღვდელი კატეგორიულ უარზეა მიატოვოს ჩასაძირად განწირული ეკლესია. იგი ბოლომდე უდრეკი რჩება და ეკლესიასთან ერთად იძირება.
   ეს პიესა ლევანმა რუსთაველის თეატრში ჩამოიტანა და აკაკი ხორავას აჩვენა. ხორავამ განიზრახა პიესის დადგმა, იმ პირობით, თუ ლევანი ფინალს გადააკეთებდა (მას თავად უნდოდა ეთამაშა იმ მღვდლის როლი). ლევანი გადაკეთებაზე არ დათანხმდა და პიესაც არ დაიდგა.
   სხვათა შორის, წალკაში ცოტა ხანში ლევანი სამხედრო კომისარმა გამოიძახა, საბუთები და ავტობიოგრაფია მოსთხოვა. ლევანმა ორწინადადებიანი ავტობიოგრაფია დაუწერა – “გადასახლებიდან ახლახან დაბრუნებული ვარ, პასპორტი და სამხედრო ბილეთი არ გამაჩნიაო”. ამის შემდეგ კომისარმა მოსვენება დაჰკარგა და სულ იმას ცდილობდა, ასეთი არასაიმედო პიროვნება როგორმე თავიდან მოეცილებინა. ისევ ცეკავშირის ხელმძღვანელობამ შეუწყო ჩემს ძმას ხელი და მალე იგი სამუშაოდ ბოლნისში გადავიდა. იქ გაცილებით უკეთესი პირობები ჰქონდა, ჩვენც ხშირად ჩავდიოდით მის სანახავად, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავით. ერთ-ერთი ჩასვლის დროს მან წაგვიკითხა ახალი პიესა “მეფე ერეკლე”. გვითხრა – “მასალა მომზადებული მქონდა და სამ კვირაში დავწერეო”. ჩვენ პიესა ძალიან მოგვეწონა. სწორედ მაშინ გამოცხადდა საკავშირო კონკურსი საუკეთესო დრამატულ ნაწარმოებზე და ჩვენ ლევანს შევუჩნდით – ვთხოვდით პიესა კონკურსზე გაეგზავნა. კარგა ხანს გვეწინააღმდეგებოდა, ბოლოს მაინც დაგვნებდა, “აჰა თქვენ პიესა და რაც გინდათ ის უყავითო”. გადავბეჭდეთ, მოსკოვში გავაგზავნეთ და მოუთმენლად ველოდებოდით შედეგს. დიდხანს არაფერი ამბავი ისმოდა. ლევანს გული გაუტყდა. სინანულით ამბობდა – “მეფე ერეკლემაც” არ გამიმართლაო და უცებ გაზეთში ამოვიკითხეთ, რომ ვიღაც უცნობი მწერლის ლევან გოთუას პიესას კონკურსში მეორე პრემია მიენიჭა (პირველი პრემია საერთოდ არ მიუნიჭებიათ). ეს რომ ცნობილი გახდა, იმ წუთსავე აფრინეს ხალხი რუსთაველის თეატრიდან თხოვნით, რომ პიესა მათთვის მიეცათ დასადგმელად, მაგრამ ლევანი უარზე დადგა და “მეფე ერეკლე” მარჯანიშვილის თეატრს გადასცა. მაშინ იქ რეჟისორად ვახტანგ ტაბლიაშვილი იყო.
   “მეფე ერეკლეს” შემდეგ ლევანმა დაწერა “დავით აღმაშენებელი”, მერე “უძლეველნი” და კომედია “თუთის პატარძალი”. ამასობაში საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. დაბრუნების უფლება კი მისცეს, მაგრამ სულ ჯაშუშები დასდევდნენ. საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქალიც კი ჰყავდა მიჩენილი. ბიბლიოთეკაში წიგნებს რომ აიღებდა, მაგიდაზე გადაშლილს დააწყობდა და გარეთ დერეფანში გავიდოდა, რათა საშუალება მიეცა მისულიყვნენ და ენახათ, რომ აკრძალული ლიტერატურა არ ჰქონდა.
ერთი ჯაშუში, რომელიც სულ თან დასდევდა, შემოელახა კიდევაც. ლევანმა ჯერ არბენინა, ხან სად შევიდა და ხან სად, ის სულ უკან მისდევდა. მაშინ მოტრიალდა, ხელი მოჰკიდა, შეანჯღრია და მიაძახა – “უთხარი შენს უფროსს, რომ პოლიტიკისათვის აღარ მცალია. ახლა დრამატურგი ვარ და თავი დამანებეთო”. კარგა მაგრად მიანარცხა.
   ომის დამთავრების შემდეგ 1946 წელს მესამედ გადაასახლეს. ბოლო ათი წელი ვორკუტაში მოიხადა. იქ იგი მაღაროში, მაღალი ძაბვის ელექტროსადგურში ელექტრიკოსად მუშაობდა. ამ სადგურში უცხო პირებს შესვლა ეკრძალებოდათ. ამით ისარგებლა და თავისი ნაწერებისათვის იქ სამალავი გამოთხარა. თავდაპირველად შესანიშნავი პიესა დაწერა “სამსახეობა რაინდისა” – სულ ლექსად. ამის შემდეგ მოგვწერა: დრამატურგიას თავს ვანებებ და უფრო მძიმე ჟანრზე – ბელეტრისტიკაზე გადავდივარ. თქვენ კი ჩემთვის საჭირო წიგნებით დამეხმარეთ, რომელთა სიასაც გიგზავნითო. იქ, ვორკუტაში დაიწყო “გმირთა ვარამის” წერა. დაწერილის ბანაკის ტერიტორიიდან გამოტანა და გადმოგზავნა განსაკუთრებულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. დიდად დაეხმარნენ ვორკუტაში მცხოვრები პატიმრობამოხდილი ქართველები, რომლებიც იმავე მაღაროში მუშაობდნენ. მათ გამოჰქონდათ ხოლმე ნაწერი – ხშირად თითო ფურცლობით. მაგრამ მერე განიზრახეს დიდი მოცულობით გამოეტანათ. ამისათვის ასეთი ხერხი მოიფიქრეს. მაღაროების გასამაგრებლად მოჰქონდათ მორები. ზოგიერთი “პრარაბი” ამ მორებს მოსახლეობას მიჰყიდიდა ხოლმე. ლევანის ხელნაწერისათვის ასეთ მორებში სამალავი გააკეთეს – ამოჭრეს, ფურცლები ჩადეს, ზედ ისევ მორის ნაჭრები დააფარეს და ტალახით შეგოზეს. შემდეგ ეს ხე-ტყე ერთ-ერთმა ქართველმა შეისყიდა, სახლში რომ მიიტანა, ცოლი აუტყდა – კაცო ეს მორები რაღად გინდოდა, ნახე რამდენი გვაქვსო. ის კაცი შესაფერის დროს ელოდა, რომ ხელნაწერი სამალავიდან შეუმჩნევლად ამოეღო, ამასობაში ცოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა, მორებს გაყიდვა დაუპირა. შეიძლება ითქვას, რომ “გმირთა ვარამის” ორიგინალი სულზე გადარჩა.
- თქვენს წიგნში თხრობა ფაქტიურად ბატონი ლევანის ბოლო გადასახლებიდან ჩამოსვლით მთავრდება. რა იყო შემდეგ?
- მიუხედავად ყოველივე იმისა, რაც გადაიტანა, მაინც ძალიან ჯანმრთელი და ენერგიით აღსავსე იყო. გადაწყვიტა ქალაქგარეთ დასახლებულიყო, რომ მუშაობისათვის მეტი დრო ჰქონოდა. სწორედ მაშინ ააშენა აგარაკი არმაზში, დაცოლშვილდა. უმეტეს დროს არმაზში ატარებდა. ძალიან უყვარდა იქაურობა. ყოველ შემოდგომაზე, როდესაც იქ ვიყავით, დილით თავზე დაგვადგებოდა და დაგვძახებდა: “ეჰეჰეი, გაიღვიძეთ, შეხედეთ…” და გვაჩვენებდა შიო მღვიმის ნაკრძალიდან მტკვრის ნაპირზე ჩამოსულ ირმებს. მდინარეში ცურავდა, თევზაობდა… ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის გადაღმა იყო ბარგიყარიას მთა (გადმოცემით აქ წინათ გზა ყოფილა. ამ ადგილას თურმე ზედმეტ ბარგს ყრიდნენ. ამიტომ ჰქვია ასეთი სახელი). ლევანმა დაიწყო იქ გამოქვაბულის გამოთხრა ისეთი ჩანაფიქრით, რომ უძველესი ხელნაწერების მუზეუმი გაეკეთებინა. ამ გამოქვაბულისაკენ ჩვენი სახლის მხრიდან საცალფეხო ხიდი უნდა გადაეგდო. უდიდესი ენთუზიაზმით აგროვებდა ხელნაწერებს, გამოქვაბულს საკუთარი ხელით თხრიდა, ხიდის პალოებიც მოიტანეს და დაასვეს… ლევანს ალპინიზმი იტაცებდა, ბევრი მწვერვალი დაიპყრო, მთელი საქართველო ფეხით ჰქონდა შემოვლილი, უსახელო ქვაბულები და ციხეკოშკები აღმოჩენილი. არმაზის ხეობა ხომ ხუთი თითივით იცოდა. მარტო კი არ დადიოდა, ჩვენც აგვიკიდებდა და ისე…
  ეს წლები ძალიან კარგი იყო. ამდენი ტანჯვა-წვალების შემდეგ თავი ზღაპარში გვეგონა. მოვიდა აღიარება, მატერიალურადაც გავიმართეთ. თითქმის ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო. ძალიან გულუხვი იყო ჩვენს მიმართ, გვანებივრებდა, თითქოს უნდოდა გადატანილი გაჭირვება აენაზღაურებინა. ვიზედაც ხელი მიუწვდებოდა, ყველას ეხმარებოდა – ესახელებოდა და უხაროდა.
- როგორც ჩანს, მიუხედავად ამდენი ჭირ-ვარამის გამოვლისა, სრულიად არ გაბოროტდა…
- პირიქით… შაქრიანი დიაბეტი დაემართა და ხუმრობდა: “ბუნებამ დამაჯილდოვა, აგერ სიცოცხლის ბოლოს დავშაქრდიო”. სიკეთით აღსავსე ადამიანი იყო.
- ახალგაზრდა მწერლებთან თუ ჰქონდა ურთიერთობა?
- მის გარშემო მუდამ ბევრი ახალგაზრდა იყო – ლიტერატორები, მხატვრები, მსახიობები. ძირითადად არმაზში იკრიბებოდნენ. ხშირი სტუმრები იყვნენ გურამ თიკანაძე, ჟურნალისტი ჯუმბერ ჯიშკარიანი, ლევანის სიყრმის მეგობარი კოტე ჯავრიშვილი, სერგო ზაქარიაძე, დიმიტრი ნორაკიძე, სოლომონ ხუციშვილი… და სხვა მრავალი.
- როდისღა ასწრებდა მუშაობას?
- ო, ეს მაინც მთავარი იყო. ლევანის ნაწარმოებების უდიდესი ნაწილი ხომ მისი სიცოცხლის ამ ბოლო ჩვიდმეტ წელიწადში დაიწერა. ჩქარობდა, თითქოს უნდოდა მთელი ცხოვრების მანძილზე ნანახი და განცდილი გადმოეცა. იშვიათი მეხსიერება ჰქონდა. მრავალი წლის წინათ მომხდარი ამბის დაწვრილებით აღდგენა შეეძლო. იტყოდა “ამომიტივტივდაო”…
რომ გარდაიცვალა “მითრიდატეს” მეორე ნაწილი ჰქონდა დაწერილი შავად. ვფიქრობდი რაღაცა სახით გამოქვეყნებას, სამწუხაროდ დაიკარგა. დაკრძალვის შემდეგ ვეღარ ვიპოვეთ.
- ქალბატონო თამარ, ნუთუ არასოდეს გიფიქრიათ ბატონი ლევანის სიცოცხლის ამ ბოლო წლებზე დაგეწერათ რაიმე?
- ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მე ხომ მაინც ლიტერატორი არა ვარ. დიდი მუშაობა უნდა, მასალის შეკრება… არ ვიცი ჩემს ასაკში მოვახერხებ კი ამას? შარშან მხოლოდ აი, ეს გამოვაქვეყნე (მაგიდიდან იღებს და მაჩვენებს შედარებით მომცრო ტანის წიგნს – ლევან გოთუა “სიტყვათქმანი”).
როდესაც ცუდ გუნებაზე ვარ ლევანის ნაწარმოებებს ვკითხულობ ხოლმე. ყოველთვის ჩვეულებად მქონდა იქიდან ზოგიერთი რამის ამოწერა. ამ ამონაწერებს ჩემთვის ვაკეთებდი, არასოდეს მიფიქრია მათი გამოქვეყნება, მაგრამ მირჩიეს, – მითხრეს, რომ მკითხველისათვის საინტერესო იქნებოდა. ამ წიგნში შევიდა დაახლოებით ნახევარი იმისა, რაც ამოვწერე – ისეთი აზრებია, რომლებიც დღევანდელობას შეესაბამება.
- დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, საინტერესო საუბრისათვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი საუკუნისა და ათასწლეულის დასაწყისი კეთილის მომტანი იქნება ჩვენი ერისათვის და დიდი მამულიშვილის ლევან გოთუას ხსოვნა წარუშლელად დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში.
ესაუბრა ქეთევან ამირეჯიბი
წყარო“ახალი ეპოქა ” # 7 16-22 თებერვალი, 2001 წელი
წყარო მოიძია თამარ ტუღუშმა . XI კლასი 

No comments:

Post a Comment