დიდი სიყვარულის ამბავი



ლევან გოთუას მეუღლის და ქალიშვილის მიერ მოთხრობილი ამბად თქმული მოგონება
ქალბატონი ციცო ალხაზიშვილი
- 1950-იანი წლების ბოლო იყო. ვმუშაობდი მწერალთა პოლიკლინიკაში, რომელიც მწერალთა კავშირის შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა. მწერლებს სალონივით ჰქონდათ ჩვენი პოლიკლინიკა - ხშირად ჩამოდიოდნენ, საუბრობდნენ, ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ. ყველაზე მეტად ვახლობლობდი გიორგი ლეონიძესთან, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, განსაკუთრებულად მიყვარდა; ბატონი კონსტანტინე გამსახურდია გულგრილად არასდროს ჩაუვლიდა ჩვენს ფანჯრებს - აუცილებლად გამოგველაპარაკებოდა ხოლმე; გერონტი ქიქოძის გაცნობამ კი უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე; ლევანიც ხშირად გვსტუმრობდა პოლიკლინიკის ექიმებს. აღფრთოვანებული ვიყავი მისი ნაწარმოებებით. ლევანი გადასახლებიდან 1955 წელს ჩამოვიდა, ჩემზე 22 წლით უფროსი იყო. ხელი რომ მოვაწერეთ, მე 33 წლის ვიყავი, ლევანი - 55 წლის. ფაქტობრივად, მწერლებმა გადაწყვიტეს ჩვენი ამბავი - ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩემდამი და იმაზეც ზრუნავდნენ, "მათი ექიმი ციცო" ვის გაჰყოლოდა ცოლად (იცინის). მახსოვს, მწერალი დემნა შენგელაია მოვიდა ჩემთან და ლევანზე დამიწყო ლაპარაკი. - კი, მაგრამ მე არაფერს მეკითხებით-მეთქი? - ვუთხარი. - ქალებს ვინ ეკითხებაო! - გადაჭრით მიპასუხა. მწერლებმა ძალიან მოინდომეს, ჩვენი ურთიერთობაც გაიბა და მალევე გადაწყდა კიდეც შეუღლება. რომ გავთხოვდი, მახსოვს, კარგა ხანს თქვენობით ველაპარაკებოდი... ერთხელ ლევანმა ლექსი დამიწერა: "ვიყავ ქალწული, ფრთოსანი,/ გადამეკიდა მგოსანი,/ ვიცინი, აღარ ვტირივარ,/ მძინარე მანდილოსანი.../ მიშველეთ, დამაკეცინეთ "მგზავრული კრიალოსანი" - ლევანის "მგზავრულ კრიალოსანს" ვკითხულობდი ხოლმე და რამდენჯერმე ჩამძინებია კითხვისას (იცინის).
- არ შეგაშინათ ბატონი ლევანის წარსულმა? - საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანი იყო, კატორღამოვლილი...
- არავითარი შიში არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად მაინც შეზღუდული იყო ლევანი. მაგალითად, დიდი კრიტიკოსი ბესო ჟღენტი სადმე, წვეულებაზე თუ შემხვდებოდა, აუცილებლად მეტყოდა ხოლმე, ხომ გენიალურია ლევანიო! მაგრამ მწერალთა კავშირის სხდომაზე რომ გამოვიდოდა, ლევანს არასდროს ახსენებდა. მწერალთა ჩამონათვალშიც კი არავინ ახსენებდა ლევანს.
- რა ცხოვრებას დაგპირდათ ლევან გოთუა 22 წლით უმცროს მეუღლეს?
- საინტერესოს, რადგან თვითონ ლევანი იყო ძალიან საინტერესო პიროვნება. სადაც გავივლიდით, მის ირგვლივ იმწამს შეიკრიბებოდა ხალხი. განსაკუთრებით, გლეხებთან უყვარდა ურთიერთობა. თბილისიდან მცხეთისკენ რომ მივდიოდით, გზად აუცილებლად გააჩერებდა ხოლმე მანქანას და ხალხს გამოელაპარაკებოდა, მათ ნათქვამს იწერდა, თუნდაც, ცალკეულ სიტყვებს. ძალიან უყვარდა წყაროს წყალი და ყველა წყაროსთან გვაჩერებდა. აღფრთოვანებული იყო თავისი სამშობლოთი და მასზე უზომოდ გახლდათ შეყვარებული.
- ბატონ ლევანს ძალიან უყვარდა მოგზაურობა, ექსპედიციებშიც ხშირად დადიოდა. თქვენ რითი იყავით მისი ცხოვრების თანამონაწილე?
- თანამონაწილე? ჩვენი შეუღლების შემდეგ ლევანი ექსპედიციებში აღარ დადიოდა. მხოლოდ სამოგზაუროდ თუ წავიდოდით. ისე კი, რა წიგნზეც მუშაობდა ხოლმე, იმ წიგნთან დაკავშირებულ ლიტერატურას მეც ყოველთვის ვკითხულობდი, საქმის კურსში რომ ვყოფილიყავი. სხვათა შორის, ყოველთვის სურდა, წერის პროცესში კაბინეტში, მის გვერდით ვმჯდარიყავი.
  ხანდახან მის ნაწერებსაც ვამრავლებდი ხოლმე - რამდენიმე ეგზემპლარად ვუბეჭდავდი. ესეც მხოლოდ სიმბოლური დახმარება იყო - მინდოდა, მისი შემოქმედების, შრომის თანაზიარი ვყოფილიყავი. მეცინებოდა, წერის მომენტში რომ დამეკითხებოდა, ეს სიტყვა ასეა თუ ისეო? სწორად რომ ვუპასუხებდი, გაოცებული შემაქებდა, - ენას კარგად შეიგრძნობო... მუდამ მხნედ იყო, თუმცა განსაკუთრებულად არ ვარჯიშობდა. არმაზში ჩვენი სახლიდან, მტკვრის პირას იყო ჩასასვლელი და ლევანი ყოველთვის ჩადიოდა იქ, ბანაობდა კიდეც მტკვარში. ხშირად გვსტუმრობდა გურამ თიკანაძე. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ძალიან მეგობრობდნენ. გურამი თითქოს საკუთარ ახალგაზრდობას ახსენებდა - ისიც ხომ მთამსვლელი იყო! მტკვრის მეორე ნაპირას გადავიდოდნენ ხოლმე, განმარტოვდებოდნენ და ლაპარაკობდნენ. ლევანის შესანიშნავი ფოტოები შემოგვრჩა, გურამის გადაღებული. ძალიან განვიცადეთ გურამის ტრაგიკული დაღუპვა - ხომ იცით, სვანეთში, შხარადან დაშვებისას დაიღუპა!.. ჩვენი სახლის პირდაპირ, მტკვრის მეორე ნაპირზე მთა იყო. სახლის აივნიდან, იმ მთამდე ლევანი დაკიდული ხიდის გაკეთებას აპირებდა. უნდოდა, მთის გამოქვაბულში წიგნთსაცავი მოეწყო, მაგრამ არ დასცალდა...
- ბატონი ლევანის თვისებებიდან რას გამოარჩევთ, როგორი იყო?
- კაცთმოყვარეობით გამოირჩეოდა... მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უბედურება გამოიარა. მაინც სჯეროდა ადამიანების და ძალიან უყვარდა. არც მახსოვს, ვინმე გაეკიცხა. ერთადერთხელ გამოვიდა წყობიდან, გამწარდა, მის გამსამართლებელ ერთ-ერთ ჯალათს შემთხვევით რომ გადაეყარა ქუჩაში. გაჰკიდებია, - მინდოდა, დამეხრჩოო, - მაგრამ მალევე მოუთოკავს თავი.
- თქვენთან უხსენებია იმ ადამიანების გვარები, ვინც სამშობლოს ღალატი დასწამა და გაასამართლა?
- რუხაძე, რაფავა... მიამბო, დაკითხვისას როგორ ურტყამდნენ, სცემდნენ, კიბიდან აგდებდნენ და საკუთარი სისხლით აწერინებდნენ ფურცელზე რაღაცებს. ნეკნიც კი ჩაუმტვრიეს... მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა სამშობლო.
- წარსულზე, გადასახლებაში გატარებულ წლებზე გიამბობდათ?
- იმ წლებზე ლაპარაკი არ უყვარდა. ხანდახან თუ მიამბობდა ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში პატიმრების აჯანყებაზე, რა დიდ პატივს სცემდნენ პატიმრები, ბრძენკაცად რომ მიაჩნდათ და საგაფიცვო ტექსტების, მოწოდებების დაწერაში დახმარებას ყოველთვის მას სთხოვდნენ. განსაკუთრებით თბილად იხსენებდა ახალგაზრდა კაცს, იგორ დობროშტანს, რომელიც საგაფიცვო კომიტეტს ჩაუდგა სათავეში... არც "გმირთა ვარამის" შესახებ ჰყვებოდა. გადასახლებაში მხოლოდ პირველი და მეორე ნაწილი დაწერა, მაგრამ მესამე და მეოთხე ნაწილი ჩვენი თანაცხოვრების წლებში შეიქმნა, ჩემ თვალწინ - არმაზის სახლი დასრულებული არ გვქონდა, ერთ ოთახში ვცხოვრობდით და სწორედ იქ წერდა. ერთხელ, წერის დროს, შევნიშნე, ცრემლები ჩამოსდიოდა. - რა მოგივიდა, ლევან-მეთქი? - ვკითხე. - ზაზა (ნაწარმოების პერსონაჟი. - ავტ.) ჩამივარდა ორმოში და არ ვიცი, როგორ ამოვიყვანოო, - სევდიანად მიპასუხა (იღიმის)... მერე ლელა გაჩნდა და ორივეს ყურადღება მისკენ გადავიდა. ლევანს თევზაობა უყვარდა და ჭიაყელებს ლელა უგროვებდა ხოლმე.

ლელა გოთუა:
- ხშირად დავყავდი მტკვარზე და ცურვას მასწავლიდა. ჭადრაკის თამაშიც მამამ
მასწავლა. ძალიან ბედნიერი, კმაყოფილი და ამაყი იყო, როცა "ვუგებდი". უჭმელი ბავშვი ვიყავი. დილაობით დედა წიწიბურას რომ გააკეთებდა და თეფშით დაგვიდგამდა, მამა კალთაში ჩამისვამდა, წიწიბურისგან კაცის სახეს დახატავდა და ვითომ მეჯიბრებოდა, ვინ უფრო სწრაფად შეჭამს სახის ნაწილებსო. რასაკვირველია, ვიმარჯვებდი - მე მოგებით ვხარობდი, მამა კი იმით, რომ საჭმელი მაჭამა... მახსოვს, ხშირად მიამბობდა ზღაპრებს. თვითონ თხზავდა. მე კი ძალიან მიყვარდა ის ზღაპრები, ამიტომ დილით, გაღვიძებისთანავე ცხვირში ჩავაფრინდებოდი ხოლმე მძინარეს და ვაჯანჯღარებდი, - გაიღვიძე, ზღაპარი მომიყევი-მეთქი. არადა, მამა გვიანობამდე მუშაობდა და დილით ჩემსავით ადრიანად ვერ იღვიძებდა, მაგრამ ვინ ახარებდა (იცინის)! "ტომ სოიერის თავგადასავალი" რომ წამიკითხეს, გადავწყვიტე, ტომის მსგავსად მეც მეპოვა განძი. არც ვაციე, არც ვაცხელე და, სახლის წინ დავიწყე თხრა. მამა გაივლიდა, გამოივლიდა და დედას ეტყოდა: ამან ასე თუ განაგრძო, საძირკვლამდე ჩავა, დაანგრევს ამ სახლსო (იცინის). მახსოვს იოსებ ნონეშვილის სტუმრობა. ვიდრე სუფრა გაიშლებოდა, მტკვარზე ჩავიდნენ, იხვების მონადირება უნდოდათ. სავარაუდოდ, გვიანი შემოდგომა იყო, რადგან იხვების გადაფრენა სწორედ მაგ პერიოდშია. ნონეშვილს თოფისთვის არც დაუცდია, იხვს ქვა ესროლა და ჩამოაგდო კიდეც. ჩვენმა ძაღლმა ამოიყვანა და აღმოჩნდა, იხვს მხოლოდ ფრთა მოსტეხოდა. ეს რომ შევნიშნე, იხვს აღარავინ მივაკარე - თურმანიძის მალამოთი დავუწყე მკურნალობა. გაგიჟდნენ, ნანადირევი წაგვართვაო... ხუჭუჭი თმა მქონდა და დედა ძლივს მვარცხნიდა. თუ უჭმელობის გამო გავაბრაზებდი, ორიგინალურად მსჯიდა - თმას მჭრიდა. არადა, მამას ჩემი ხუჭუჭა გრძელი თმა უყვარდა და დედას ამის გამო საყვედურობდა ხოლმე. თუ მამა თბილისში იყო და დედა დასჯის ამ უკიდურეს ზომას მიმართავდა, გაბრაზებული ვემუქრებოდი, ჩამოვა მამა, ყველაფერს ვეტყვი და ნახე, რას გიზამს-მეთქი. ხანდახან მამაც მიბრაზდებოდა ხოლმე, ოღონდ ზუსტად არ მახსოვს, რისთვის. ალბათ, ისიც უჭმელობისთვის. მისი დასჯის მეთოდი სერვანდის გვერდით, კუთხეში დაყენება იყო - ჩავიცუცქებოდი კედელთან, სერვანდს მთელი ძალით მივაბჯენდი ფეხებს და ნელ-ნელა ვწევდი, ადგილი რომ გამეფართოებინა. ისე აზრიალდებოდა ჭურჭელი, სულ რომ არ დალეწილიყო, სასწრაფოდ გამომიყვანდა ხოლმე... ბევრ თოჯინას მჩუქნიდა, მე კი ყველას ვატიტვლებდი და ერთად ვყრიდი. გადახედავდა ხოლმე მამა და, - ვიეტნამში ვართო, - იტყოდა (იმხანად ვიეტნამელების გაჭირვების თემა იყო აქტუალური და ტელევიზიით ხშირად უჩვენებდნენ გაძვალტყავებულ, შიშველ ვიეტნამელ ბავშვებს)... მამა რომ გარდაიცვალა, 6 წლის ვიყავი. კარგად მახსოვს, ცუდად რომ გახდა (ინსულტი დაემართა და ძალიან ცოტა ხანს იცოცხლა), სანახავად შემიყვანეს და მამა ატირდა. სასწრაფოდ გამომიყვანეს, მაგრამ აშკარად ჩამესმა, რომ დამიძახა... იქ აღარ გამაჩერეს და ბებიასთან ერთად, არმაზიდან თბილისში, დეიდასთან, ამ სახლში ჩამომიყვანეს. მერე, ერთ დღეს შემთხვევით გაზეთ "კომუნისტში" ნეკროლოგი წავიკითხე (კითხვა ვიცოდი) და საშინელი ამბავი ავტეხე: მამა მოკვდა და რატომ მატყუებთ-მეთქი?! ვითომ დამამშვიდეს, მაგრამ არ მოვტყუვდი. სახატავი რვეულის ფურცელზე დავწერე წერილი: "თქვენ მე მატყუებთ, ვიცი, რომ მამა მოკვდა. მე თქვენ არავინ არ მინდევხართ. მე მინდა, მარტო მამიკო და იმასთან მივდივარ". წერილი მაგიდაზე დავტოვე, თვითონ საძინებელში, საწოლის ქვეშ შევძვერი და დამეძინა. საშინელება დატრიალებულა. მთელი უბანი მეძებდა, ბოლოს კი შემთხვევით ბებიამ მიპოვა საწოლის ქვეშ... დღემდე სულ ვგრძნობ მამას სიახლოვეს, სულ ჩემთან ერთად არის...

ქალბატონი ციცო:
- ლევანის სიკვდილის შემდეგ მუდამ არსებობს ჩვენ შორის უხილავი კავშირი. მაშინაც, ტომეულების გამოსაცემად ტექნიკურ მხარეს რომ ვაგვარებდი, მერეც, სხვადასხვა გამოცემაში გაბნეულ მის პუბლიცისტურ ნაწერებს თავი რომ მოვუყარე და გამოვეცი, მერეც, ახალგაზრდებისთვის შესანიშნავი საკითხავი - "მგზავრული კრიალოსანი" და პუბლიცისტიკა რომ გავაერთიანე და გამომცემლობას ჩავაბარე დასაბეჭდად. სულიერად არასდროს მივუტოვებივარ. სამწუხაროდ, 1980-იანი წლების ბოლოს ისე აირია ქვეყანა, იმ წიგნის გამოსაცემად აღარავის სცხელოდა. იმ წიგნს კი არა და, აღარც არაფერს გამოსცემდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან გახარებული ვარ, თქვენ რომ გამოსცემთ ლევანის შემოქმედებას. წინა გამოცემებითაც ძალიან გაგვახარეთ და ეს ტომეული ხომ განსაკუთრებულად მომწონს. თანაც, როგორი ხელმისაწვდომია! შრიფტიც საუკეთესო შეგირჩევიათ. მთავარია, ხალხმა წაიკითხოს.

ლელა:
- ამას წინათ, მამას მეგობარი, ჯუმბერ ჯიშკარიანი მეუბნებოდა, მამაშენმა თავისი სრული შემოქმედება, პიესების ჩათვლით, რომ გაამზადა, 10 ტომი გამოვიდაო. იმჟამინდელი 10 ტომი ალბათ თქვენი შრიფტით 20 ტომს დაიკავებდა. ადრე ძალიან ხშირად და დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა მამას ნაწარმოებები. ეგ კი არა, ჯუმბერი იხსენებდა, მარჯანიშვილის თეატრში ვახტანგ ტაბლიაშვილმა ლევანის "მეფე ერეკლე" რომ დადგა, სპექტაკლებზე საოცრება ხდებოდა - მაყურებლის ტაში ლამის მთელ "პლეხანოვს" ესმოდაო. მამას სიცოცხლეში დაიდგა პიესა "აღმაშენებელიც", სადაც დავით აღმაშენებლის როლს ჟორა შავგულიძე ასრულებდა. ესეც გასაოცარი სპექტაკლი გამოსულა. "გმირთა ვარამი" კი მისი სიკვდილის შემდეგ დადგა არჩილ ჩხარტიშვილმა და ალექსანდრეს როლში თენგიზ არჩვაძე ათამაშა. ურიგო არც დღეს იქნებოდა მამას პიესების დადგმა. ურიგო კი არა, ძალიან აქტუალურიც იქნება.

- ბატონი ლევანის დაკრძალვა არმაზში, სახლის ეზოში, მისი სურვილი იყო?
ქალბატონი ციცო:
- არა. ლევანთან სიკვდილზე არასდროს მისაუბრია. არმაზში დასაფლავება მისმა ნათესავებმა გადაწყვიტეს. ჯერ მთაწმინდის პანთეონი უნდოდათ, მაგრამ იმჟამინდელმა მთავრობამ დიდუბის პანთეონი შემოგვთავაზა, ამიტომ ნათესავებმა არმაზი ამჯობინეს. შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვითა და ლოცვა-კურთხევით გადმოვასვენეთ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.
ლელა:
- მამა მცხეთის წმინდა მიწაში ასვენია. ამაზე საუკეთესო რა უნდა იყოს!

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/74766-levan-gothua-samshoblos-uzomo-siyvarulisthvis-dasjili.html#ixzz2vHVg7pu6

No comments:

Post a Comment