Wednesday, March 5, 2014

”ხშირად გმირებს შორეულ წარსულში ვეძებთ, არადა ჩვენ გვერდით არიან ერის ჯვარისმტვირთველნი, რომელთა ცხოვრებაც უფრო ლეგენდას ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს, სწორედ ასეთი კაცი იყო ლევან გოთუა”                         დაბადებულა 1905 წლის 10 მარტს პართენ გოთუასა და სოფიო კემულარიას ოჯახში. პართენ გოთუას, სამშობლოს ფხიზელსა და ერთგულ დარაჯს”უწოდებდა იოსებ იმედაშვილი. მოსიყვარულე მშობლების ხელში ნეტარებით გაიარა ბავშვობამ. დასრულდა ეს უშფოთველი ხანა და საქართველოს წითლები შემოესივნენ. კოჯრისა და უძოს მიდამოებში ბრძოლები მძვინვარებდა. ლევანი და მისი უფროსი ძმა არჩილი ომში გაიპარნენ. 7 დღის შემდეგ დაბრუნდნენ. აღელვებულნი გაიძახოდნენ: - ძმათა სასაფლაოში თორმეტი ვაჟკაცი ქართველი ერთად ჩავასვენეთო. მალე საქართველოში ბოლშევიკები გაბატონდნენ, დაიწყო ტერორი. დადგა 1924 წლის აგვისტო. ბოლშევიკთა წინააღმდეგ ჩაფიქრებული აჯანყება გასცეს. ლევანი აიყვანეს. სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. სულზე მიუსწრო ახალციხის მაზრის მილიციის უფროსმა და დახვრეტას გადაარჩინა, შემდეგ კი თბილისში გამოგზავნა. ლევანის მამა, პართენიც დააპატიმრეს. მამა-შვილი ციხეში შვიდი თვე იჯდა. პართენი ორჯერ გააღვიძეს შუაღამისას და ვითომ შეცდომით, ლევანის მაგივრად გაიყვანეს დასახვრეტად. მე მომკალით, ოღონდ ჩემი შვილი დაინდეთო, - ღრიალებდა მამა...
   
გაიარა საშინელმა 1924-მა წელმა. ლევანი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ. 1925 წლის ზაფხულში ოჯახი აბასთუმანში ისვენებდა. ერთ ღამეს ჩეკისტებმა ლევანი დააპატიმრეს, ამჯერად რომელიღაც სტუდენტური ორგანიზაციის მეთაურობა დაჰბრალდა. 3 წლით ციხე მიუსაჯეს გადასახლებით. ისე სწრაფად გააყოლეს ეტაპს, რომ ახლობლებმა ნახვაც ვერ მოახერხეს. ოცი წლის "სამშობლოს მოღალატეს" სხვა ქართველებთან ერთად შორეულ ჩრდილოეთში, სოლოვკის კუნძულებზე უკრეს თავი. აქ ბოლშევიკებს მამათა მონასტერი ციხედ გადაექციათ. ქართველები ბნელ, ჩამყაყებულ სარდაფში შეყარეს სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ერთად. 1927 წელს მოხდა სასწაული - ლევანის საქმეს გადახედეს და პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. მას არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება. ოჯახმა ლევანისთვის საცხოვრებლად ვლადიკავკაზი აირჩია - პართენი ადრე იქ მუშაობდა და ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის მღვდელი გიორგი ნათიძე... ლევანმა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში დაიწყო მუშაობა და ბავშვებს ქართული ლიტერატურა და საქართველო ძალიან შეაყვარა... კვირაში ერთხელ ჩეკაში უნდა გამოცხადებულიყო, თორემ ისევ დააპატიმრებდნენ. უფროსი ძმის გარდაცვალება რომ შეატყობინეს, რაღა გააჩერებდა! თბილისში რამდენჯერმე ჩამოსულა მალულად, ყოფილა არჩილის საფლავზე, მამაც უნახავს, შინ კი არ მისულა.
   გაიარა გადასახლების სამმა წელმა და სასჯელი კიდევ სამი წლით
გაუხანგრძლივეს. ვლადიკავკაზში დაიწყო ლევან გოთუამ ლიტერატურული მოღვაწეობა. ხატვა და ძერწვაც ემარჯვებოდა. მისი გამოძერწილი შოთა რუსთაველი დიდხანს ამშვენებდა სკოლის დარბაზს. ვლადიკავკაზში ცხოვრებამ ლევანს მთები შეაყვარა და ალპინისტობაც დააწყებინა... გადიოდა წლები. თავს იმშვიდებდა, - ჩემი მასწავლებლობით აქაურ ქართველობას გადაგვარებისგან ვიცავო. გადასახლების ვადის დასრულების შემდეგ კიდევ სამი წელი დაუმატეს.' "თითქოს ნელი წამებით სიკვდილი მაქვს მისჯილი და ამ წამების ხანგრძლივ გზას სამ-სამწლიანი სიჩქარით გავდივარ კიდეცო", - წუხდა...ლევანმა და რამდენიმე ახალგაზრდამ გაქცევა გადაწყვიტეს. გამყოლი იშოვეს, გადალახეს ჭოროხის პირველი მუხლი და ისევ ჩეკისტებს ჩაუცვივდნენ ხელში - თურმე მეგზურს გაეცა. მძიმედ დაჭრილი ერთი მათგანი წყალში დაიხრჩო, სამი კი თბილისის ციხეში გამოამწყვდიეს. ისევ ციმბირში გადასახლება, ახლა უკვე ხუთი წლით...

ერთხელ ბანაკის პატიმრებს მდინარე ობში ბანაობის ნება მისცეს. წყალმა ლევანი გაალაღა, დიდხანს მიცურავდა, რომ მოიხედა, ნაპირი აღარ ჩანდა. ერთი კი იფიქრა, გადავლახავ მდინარეს და გავიქცევიო, მაგრამ ასე ხომ სამშობლოში დაბრუნების ყოველი იმედი მოესპობოდა. ამიტომაც უკანვე გამოუცურავს. ბანაკში ჰგონებოდათ, ობში დაიხრჩოო, ჩამოეწერათ და მისი ტანსაცმელი სხვისთვის მიეცათ. "ურჩი" პატიმარი ჯერ ერთი კვირა იზოლატორში გამოკეტეს, მერე კი ვიღაცის ჭუჭყიანი ძველმანები მისცეს. მისი ზომის ფეხსაცმელი ვერ იშოვეს და კარგა ხანს ფეხშიშველი დადიოდა.

   1935 წლის მარტში ნარიმიდან ახალ ციმბირში, ალტაის მხარის ქალაქ ბიისკში გადაიყვანეს და მარცვლეულის მეურნეობაში გაამწესეს ეკონომისტად. გარემოს შეცვლამ იმედი გაუჩინა - იქნებ ვადაზე ადრე გამომიშვანო, მაგრამ ვინ იცის, ეგებ სჯობდა კიდეც უცხოეთში ყოფნა, რადგან საქართველოში რეპრესიები მძვინვარებდა. პართენ გოთუაც ყოველ წამს ელოდა დაპატიმრებას. მაისის ერთ დღეს პართენი კატასტროფაში მოჰყვა. დაკრძალვაზე მის მეგობარს ნიკო თავდგირიძეს გულთბილი სიტყვა წარმოუთქვამს, რისთვისაც იქვე დაუპატიმრებიათ და უკვალოდ გაუქრიათ...
სექტემბრის ერთ დილას გოთუების სახლის კარს ჩუმად ვიღაც მიადგა და დააკაკუნა. შეშინებულებმა გააღეს კარი და შინ შემოვიდა ახოვანი ვაჟკაცი, ბრგე, ხუჭუჭთმიანი... ეს ხომ ლევანი იყო, დაკაცებული, მრავალჭირგამოვლილი. ძლივს დავბრუნდი სამშობლოში, - ოხრავდა, - ან რას ერჩიან იმ ხალხს, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად სამშობლო უყვარსო. ბევრის თქმაც სწადდა, მაგრამ დედამ პირზე ხელი მიაფარა, კედლისკენ ანიშნა, - მაგასაც ყურები აქვსო.
თბილისში კი ჩამოვიდა, მაგრამ პასპორტი მხოლოდ ათი დღის შემდეგ მისცეს, ჩაწერაზე კი უარი განუცხადეს. იძულებული გახდა, ლუქსემბურგში (დღევანდელ ბოლნისში) გადასულიყო საცხოვრებლად. ამ პერიოდს ლევან გოთუამ თავისი ლიტერატურული აღმავლობის პერიოდი უწოდა. აქ დაამთავრა ორი დრამა: "მეფე ერეკლე" და "ჩაძირული სოფელი". პირველი საკავშირო კონკურსში მონაწილეობისთვის გაგზავნა მოსკოვში. მეორე კი რუსთაველის თეატრში აკაკი ხორავასთან მიიტანა. ხორავას მოეწონა პიესა, მხოლოდ ფინალის შეცვლა მოსთხოვა - არ შეიძლება, თანამედროვე პიესაში მთავარი გმირი იღუპებოდესო. შეურაცხყოფილმა ლევანმა შეჰკადრა: ჩემი სულიერი საზრდოთი და განცდებით მოვაჭრე არასოდეს ვყოფილვარ და არც გავხდებიო! - დასტაცა ხელი პიესას და კარი გამოიჯახუნა...
1938 წელს თბილისში ჩაწერის ნებაც მისცეს. დადგა მშვიდობიანი დღეები. 1941 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა "მეფე ერეკლე" და ომიც დაიწყო - პატრიოტული სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდიოდა. საოცარი რეცენზიები იბეჭდებოდა, მაგრამ ლევანზე კრინტს არ ძრავდნენ. 1944 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა მისი მეორე პიესა "უძლეველნი". დაიბეჭდა მისი რამდენიმე ნაწარმოებიც...
ჩეკას აგენტები მაინც არ ასვენებდნენ. 1946 წელს ზურგჩანთაში "ვეფხისტყაოსანი" ჩაიდო და მესხეთ-ჯავახეთისკენ აიღო გეზი. სწორედ იქ დაიჭირეს მესამედ. საეჭვო ვერაფერი უპოვეს, მაგრამ ბრალდების შეთხზვას რა უნდოდა! კვლავ ანტისაბჭოთა ჯგუფის შექმნა დააბრალეს. მასთან ერთად ბევრი მისი მეგობარი გაუყენეს ციხის გზას.


მამაცურად დაუდგა ლევანი განსაცდელს, ჯალათებს სულ მატყუარები და მტარვალები უძახა, დადგება დრო და საბრალდებო სკამზე თქვენ თვითონ მოხვდებითო. შეშინებულ რაფავას, ტირანსა და კაცისმკვლელს, უბღავლია: - ეს არ მოხდებაო! და ლევანის ცემა უბრძანებია. მაინც ვერ გატეხეს, ხელი ვერაფერზე მოაწერინეს. ბოლოს, ათი წლით ვორკუტაში გადაასახლეს. ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესთან ახლოს ქვანახშირის საბადო იყო.
40-50 გრადუსი ყინვა, თოვლი, ქარბუქი, შიმშილი, არაადამიანური ყოფა, დამცირება - რა ენამ აღწეროს ის მიწისზედა საზვერეები! ყველაფერთან ერთად, შინ წელიწადში ორიოდ წერილის გაგზავნის უფლებას აძლევდნენ. "ჩემი ნაწერები და ჩემი გმირები ყოველთვის ჩემზე ბედნიერები იყვნენ... არ მშურს! ასეთია ბედის შეუვალობა", - სწერდა ახლობლებს. წერილებიღა იყო მისი ნუგეში. "როცა წერილს ვწერ, თავი საქართველოში მგონიაო", - ოხრავდა. მაღალი ძაბვის ქვესადგურში მუშაობდა მონტიორად და ჩუმად, მალულად წერდა რომანს კახთა მეფე ალექსანდრე II-ზე. ხელნაწერებს მეგობრებს უკითხავდა და სწორედ მათ დაარქვეს ამ წიგნს "გმირთა ვარამი". წიგნი კი დაწერა, მაგრამ ბანაკიდან გამოტანა არ გინდოდა? ჰოდა, ქართველებმა ასეთი რამ მოიფიქრეს: ბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები გამოაფუღუროეს და შიგ ნაწერები ფურცელ-ფურცელ ჩადეს, შემდეგ ისევ სათანადოდ დახურეს. ეს მორები კი იქვე, ქალაქში მცხოვრებმა ვალიკო ჭუმბურიძემ იყიდა. ყველა მორი ვალიკოს ეზოში შეგორდა... წიგნი საქართველოში ერთ გათავისუფლებულ ქართველს გამოატანეს. ასე ჩამოაღწია ჩვენამდე "გმირთა ვარამის" ორმა წიგნმა.

ბანაკში ყველას უყვარდა ლევანი, ყველა მას ეკითხებოდა რჩევას. მეგობრები "ლევან ბერს" ეძახდნენ. გოთუა თანამემამულეებს "ჩაპარუსკებას" - ქართულად საუბრისას რუსული სიტყვის თქმას უშლიდა და "ვეფხისტყაოსნის" ერთი სტროფის შესწავლით სჯიდა.
ერთხელ, 1952 წელს, მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რკინიგზის სადგურზე წაიყვანეს. ეტაპმა ვაი-ვაგლახით ჩააღწია მოსკოვში. ბუტირკის ციხეში ახალთახალი ტანისამოსი ჩააცვეს, წვერი გაჰპარსეს, თმა შეკრიჭეს და ჩეკაში მიიყვანეს, იქ კი... თავისუფლების სანაცვლოდ აგენტობა შესთავაზეს. წამოიჭრა ლევანი, - მე ჩემი ერის გამყიდველი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნებიო და ისევ ვორკუტაში დაბრუნება მოითხოვა. თხოვნა უმალვე შეუსრულეს. გადიოდა წლები და თან მიჰქონდა ახალგაზრდობა. ერთს ნატრობდა მხოლოდ: - ნეტავ ჩემს დაღლილ და დატანჯულ სხეულს ეღირსოს სამშობლოში საკუთარი აკლდამაო.
1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბანაკში რუსული შოვინიზმი გამეფდა. ამან დიდ გაფიცვას მისცა ბიძგი, მაგრამ სისხლში ჩაახშვეს ეს გაბრძოლება... საგაფიცვო კომიტეტის წევრები დააპატიმრეს და იზოლატორში ჩაამწყვდიეს. საშველი არსაიდან ჩანდა.
 

 ერთხელ ლევანმა თბილისის ლიტერატურის მუზეუმს ფსევდონიმით გამოუგზავნა თავისი პიესა "სამსახეობა რაინდისა". მუზეუმში დიდი ბჭობა გაიმართა. ბოლოს, შეთანხმდნენ, რომ ნაწარმოების ავტორი ვიღაც დიდგვაროვანი, მეფის კარზე გაფუფუნებული ქართველი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ დიმიტრი ბენაშვილს უვარაუდია, - პიესა ლევან გოთუასი არ იყოსო, მაგრამ არავინ დათანხმებია...
მიილია გადასახლების წლები, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობდა, ერთი ადამიანისთვის ბევრზე ბევრი იყო გადასატანად და დაუჯერებელიც... მოსკოვიდან კი არა და არ მოდიოდა გათავისუფლების ბრძანება. და აი, 1955 წლის ზაფხულში ვორკუტის ბანაკები კვლავ გაიფიცნენ. მოსკოვიდან სასწრაფოდ ჩამოვიდა კომისია, რომელსაც გენერალური პროკურორი რუდენკო ხელმძღვანელობდა. დაიწყო პატიმრების საქმეთა განხილვა. კაცმა არ იცოდა, როდის მოუწევდა ლევანს რიგი... ბოლოს, თავი ვეღარ შეიკავა და კომისიის ოთახში შეიჭრა. რუდენკოსთან საუბარმა ორი საათი გასტანა. ლევანის სიტყვებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გათავისუფლების ბრძანებას იქვე მოაწერეს ხელი. ყოველი მხრიდან შემოეხვივნენ გახარებული ქართველები. რაღა არ უწოდეს: ერისკაცოო, ბერმუხაო, დიდებულო მამულიშვილოო... ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მის სიყვარულსა და პატივისცემაში.
საქართველოში 1955 წლის აგვისტოში ჩამოაღწია. დასრულდა ოცდაორწლიანი ოდისეა, დაბრუნდა სამშობლოში მრავალჭირნახული, განწმენდილი, ბალღივით სუფთა და მიმტევებელი.

   ლევანის გათავისუფლებას მის მსაჯულთა დაპატიმრება მოჰყვა. სასამართლო პროცესზე ლევანმა მიწვევა მიიღო, როგორც მოწმემ, მაგრამ სასტიკი უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე, ახალგაზრდები აიყოლია და სულ სხვა მხარეს გასწია - დიდი ხნის ოცნება აისრულა, მყინვარწვერზე, ბეთლემის მღვიმეში ავიდა. მერეც, როცა დაღლილობას იგრძნობდა, მოიკიდებდა ზურგჩანთას და საქართველოს მთა-გორებს მოივლიდა. როგორ გაიხარა, როცა ერთი ასეთი მოგზაურობისას ფხვენისში ლეონტი მროველის წარწერიანი ქვაჯვარი იპოვა!
   სიცოცხლის ბოლო ათი წელიწადი არმაზში გაატარა, თავის აგარაკზე. ტკბილეულს მონატრებული ბავშვივით გასცქეროდა მთებსო, - იხსენებენ. სიცოცხლის მიწურულს უკურნებელი სენი შეეყარა. წამლობაზე უარი განაცხადა და ტკივილთა დათმენით წარდგა ღვთის წინაშე, თავის მამა-პაპათა წინაშე. 1973 წელს ძვალთშესალაგიც იქვე, არმაზში პოვა, ქართლოსისა და ფარნავაზის განსასვენებლის ახლოს.
  2005 წლის დეკემბერში უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ლევან გოთუას ნეშტი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაიკრძალა. ჩვენს სათაყვანო ღირს მამა-დედათა საფლავებს შეემატა წმინდა სამარე მამულისათვის ზვარაკად შეწირული ერისკაცისა, სადაც მივა ალბათ წუთისოფლისგან შეჭირვებული ქართველი, დაიჩოქებს, შესჩივლებს გასაჭირს, შეევედრება და უთუოდ მიიღებს ნუგეშსა და შეწევნას...



მასალა გადმოტანილია ლევან გოთუას ვარამი 

სურათები თენგიზ ვერულავას გვერდიდან ლევან გოთუა